უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ სამი პირი დააკავა: ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ბრალდებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პოლიციამ სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. საქმეზე სამი პირი დააკავეს, ორი კი ამხილეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს ერთი პირი მარტვილში. პოლიციამ მისი ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და 38 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ორი პირი ამხილეს კასპის მუნიციპალიტეტში. მათი ჩხრეკისას ამოღებულია ორი შაშხანა, 152 ვაზნა და ოთხი ამფეთქ-დეტონატორი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ვაზნები.
ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი. პოლიციამ ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, მჭიდი და ერთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეებზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შსს
ყველა ახალი ამბავი
0