ნაპოლეონის არმიის რისხვა: სამი ქართველი გენერალი, დაუმარცხებელი ძმები ფანჩულიძეები

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკში ბოროდინოს ბრძოლის რეკონსტრუქცია
 ბოროდინოს ბრძოლის რეკონსტრუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ბოროდინოს ბრძოლის წინ ნაპოლეონს უკითხავს, რომელ ფლანგზეა განლაგებული ფანჩულიძევის კავალერიაო, და მის წინააღმდეგ რჩეული ჯარი გაუგზავნია.
დღეს ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ გენერლებზე — ძმებ ალექსი, ივანე და სიმონ ფანჩულიძეებზე მოგითხრობთ.
მათი მამა, იმერელი აზნაური დავით ფანჩულიძე ვახტანგ VI-ის ამალაში არ მოიხსენიება. სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად ჩავიდა რუსეთში და უკვე იქ შეუერთდა ქართველ ემიგრანტებს.
დავითი თავდაპირველად სხვადასხვა ადგილებში მსახურობდა ვოევოდად, 1782 წელს კი სარატოვში ჩავიდა სამოქალაქო პალატის მრჩევლის რანგში და იქვე დაფუძნდა იმ დროისათვის დამახასიათებელი უკვე ახალი გვარით — იმერელი ფანჩულიძე ფანჩულიძევი გახდა.
მისი სამი ვაჟიდან სამივემ ჩინებული კარიერა გაიკეთა. უფროსი ალექსი თავიდან მამასთან მუშაობდა, მალე თავი გამოიჩინა და 1808 წელს სარატოვის გუბერნატორობასაც მიაღწია. მისმა მომდევნო ძმებმა სამხედრო კარიერა აირჩიეს და მათაც წარმატებული გზა განვლეს. ბოროდინოს ბრძოლას ორივე ძმა გენერლის ჩინით შეხვდა და, სამხედრო მემატიანეთა გადმოცემით, „საოცარი სიმამაცითა და თავდადებით… მტერსაც კი აკვირვებდნენ“.
© National Library of Georgiaივანე ფანჩულიძე
ივანე ფანჩულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
ივანე ფანჩულიძე
ორ სამხედროთაგან უფროსი, ივანე 1759 წელს დაიბადა. 14 წლიდან შევიდა სამხედრო სამსახურში, ყველა საფეხური გაიარა და ბოროდინოს ბრძოლაში გენერალ-ლეიტენანტის ჩინით მიიღო მონაწილეობა (პეტრე ბაგრატიონის შემდეგ ის ყველაზე მაღალი ჩინის ქართველი სამხედრო იყო). მანამდე კი თითქმის ყველა ომში მონაწილეობდა, რომელსაც რუსეთის იმპერია იმ პერიოდში აწარმოებდა.
ივანე ფანჩულიძე აუსტერლიცთან ხელში დაიჭრა, თუმცა ბრძოლის ველი არ მიატოვა და ბოლომდე უერთგულა თავის დრაგუნთა პოლკს, რომლებიც, მეთაურის სიმამაცით აღფრთოვანებულნი, გააფთრებით იგერიებდნენ ფრანგთა იერიშებს და ძირითად ძალებს საშუალებას აძლევდნენ, მწყობრად და ნაკლები დანაკარგებით დაეხიათ უკან.
იქიდან მოყოლებული, მისმა კავალერისტების დივიზიამ იმდენად გაითქვა სახელი, რომ ბოროდინოს წინ ნაპოლეონს უკითხავს, რომელ ფლანგზეა განლაგებული ფანჩულიძევის კავალერიაო და მის წინააღმდეგ რჩეული ჯარის ნაწილები გაუგზავნია.
1813 წლიდან უკვე გენერალ-ლეიტენანტი ივანე ფანჩულიძე თავის ეგერთა ცხენოსანი დივიზიით ევროპაში გამართულ ყველა ფიცხელ ბრძოლაში მონაწილეობდა. მისი ორდენებისა და ჯილდოების ჩამოთვლა აქ შეუძლებელია — მასალის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.
ივანე 1815 წელს გარდაიცვალა, როდესაც მხოლოდ 56 წლის იყო, სამხედრო დიდების ზენიტში.
ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი, სხვა ქართველი გენერლების პორტრეტებთან ერთად, ერმიტაჟში ინახება.
© National Library of Georgiaსიმონ ფანჩულიძე
სიმონ ფანჩულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
სიმონ ფანჩულიძე
უმცროსმა ფანჩულიძემ, სიმონმა, ძმის მსგავსად, 14 წლისამ დაიწყო სამხედრო კარიერა. მასავით ყველა საფეხური გაიარა და 1807 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო.
იბრძოდა პოლონეთში, თურქეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში. ორჯერ ომებით გაიარა გალიცია, სილეზია, მორავია, ბოჰემია, ბავარია და შვაბია. ამისათვის წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენიც მიიღო. ძმასთან ერთად იბრძოდა აუსტერლიცთან, პრეისიშ-ეილაუსთან, ფრიდლანდთან.
1812 წლიდან ფრანგებთან ყველა შეტაკებაში მისი დრაგუნთა პოლკი პირველი იღებდა მტრის დარტყმას და ბრძოლის შემდგომ ბედსაც განსაზღვრავდა — თუ „ფანჩულიძის ბიჭები“ გაუძლებდნენ, პოზიციური ბრძოლა იწყებოდა. მისი „ბიჭები“ კი უძლებდნენ და, შესაბამისად, მათმა მეთაურმა სიმონ ფანჩულიძემ ბოროდინოს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ალმასებით მოოჭვილი ოქროს დაშნა მიიღო.
მერე არც ევროპის ტერიტორიაზე მისცა გასაქანი ფრანგებს და ავსტრიისა და პრუსიის უმაღლესი ორდენებიც დაიმსახურა.
ცოტა გასაკვირია, რომ ასეთი დამსახურებების მქონე გენერალი ფანჩულიძე 1815 წელს პენსიაზე გავიდა, თან ნახევარგანაკვეთიანი პენსიით. რა მოხდა და რატომ შეუმცირეს თანხა – უცნობია. 1816 წელს მან თხოვნით მიმართა სამხედრო კოლეგიას, რომ პენსია გაემთელებინათ, თუმცა უარი მიიღო.
სიმონ ფანჩულიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში გაატარა, სადაც 1817 წელს გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0