ჯანდაცვის სამინისტრომ სამ ექიმს ლიცენზია შეუჩერა

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში სამი ექიმი არაპროფესიონალიზმში ამხილეს და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, ხოლო 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შვიდი საქმე განიხილეს.

„ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა ექვსი თვით შეუჩერდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.
პროფესიული განვითარების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0