ორი ქართული პარტია ALDE-ს წევრი გახდა

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
გადაწყვეტილება ALDE-ს ყოველწლიურ კონგრესზე მიიღეს, რომელიც წელს დუბლინში გაიმართა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ორგანიზაციის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) სრულუფლებიანი წევრი გახდა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის", ხოლო „გირჩი - მეტი თავისუფლება" – ახალი ასოცირებული წევრი.
შესაბამისი გადაწყვეტილება ALDE-ს ყოველწლიურ კონგრესზე მიიღეს, რომელიც წელს დუბლინში გაიმართა. ALDE-ში შედის 70 წევრი პარტია და ათასზე მეტი ცალკეული წევრი მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

„ამ ნაბიჯით შევძლებთ ევროპის მასშტაბით ახალი კონტაქტების გაჩენას, პროექტებში მონაწილეობას, რეზოლუციებზე მუშაობას ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად და, შესაბამისად, ფართო არეალი გვექმნება პრომლემური საკითხების ევროპის ყურამდე მისატანად", – ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში.

ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტია „გირჩი" ყველაზე ორიგინალურ და ეპატაჟურ პარტიად მიიჩნევა საქართველოში. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოთხ მთავარ ლიდერს შორის არსებული უთანხმოების გამო პარტია ორად გაიყო.
ჯაფარიძის „გირჩს" „მეტი თავისუფლება" დაემატა. დამფუძნებელი კრებაც ორიგინალურად ჩატარდა – პარტიის მთელი აქტივი ექვს წუთში აირჩიეს, რაც ქართულ პოლიტიკაში რეკორდია.
„ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ლელომ" ოთხი სადეპუტატო მანდატი მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატები დაკარგეს.
საქართველოს პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 2021 წლის ნოემბერში შეუწყვიტა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პროტესტის ნიშნად განაცხადა. ბადრი ჯაფარიძემ მანდატი 2022 წლის თებერვალში სასამართლოს განაჩენის გამო დაკარგა, რომელმაც ის და ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.
ყველა ახალი ამბავი
0