მნიშვნელოვანია სტრატეგიული ენერგოპროექტების რეალიზაციის დაჩქარება - ვიცე-პრემიერი

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
საქართველოს განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის პროცესი უნდა დაჩქარდეს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ. ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება", – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ეს მიმართულება ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
დავითაშვილის თქმით, დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგეტიკულ რესურსებზე, სხვადასხვა წყაროზე, მათ შორისაა სავარაუდო სასურსათო დეფიციტი. საქართველომ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში, აღნიშნა მან.
„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და, ზოგადად, მიწოდების დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ჩნდება ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, რომელიც საქართველოს და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის იმისთვის, რომ ეს იყოს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია.
ენერგოდამოუკიდებულობა პრიორიტეტია
ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყოველწლიურად იდგმება ნაბიჯები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უსწრაფესად მისაღწევად – შენდება ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები და ქარის ელექტროსადგურები. ბევრი ექსპერტის აზრით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო ქვეყანაში ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია, თუმცა აქედან საკუთარი გამომუშავება 12,6 მილიარდი კვტ/სთ იყო.
ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში დაგეგმილია ახალი თბო- და ჰიდროელექტროსადგურების აშენება. ამ ეტაპზე დასრულებულია მუშაობა ორი ახალი თბოელექტროსადგურის (თესი) „გარდაბანი 3"-ისა და „გარდაბანი 4"-ის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებზე, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 500 მეგავატი იქნება.
თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
ენერგეტიკის სიახლეები: ახალი თესები და ჰესები
ორივე თესი აშენდება ახალი ტექნოლოგიით, კომბინირებული ციკლის გაზის ტურბინებით.
გარდა ამისა, 2022 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ხელი მოეწერა 207 მემორანდუმს 160 მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურის და ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ასევე გაფორმებულია მემორანდუმები ქარის 12 და მზის 31 ელექტროსადგურის განვითარების თაობაზე.
გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, ყველა ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 4.073 მეგავატი იქნება, ხოლო გამომუშავება – 15,59 მილიარდი კვტ/სთ.
დავითაშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები უმოკლეს ვადებში განხორციელდეს.
ყველა ახალი ამბავი
0