მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის პაპი: გთხოვთ, არ გამოიყენოთ ხორბალი იარაღად

გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საექსპორტო პროცესების ბლოკირება, რაც აფერხებს უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას, არის „საბაზისო პროდუქტის“ იარაღად და საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა.
მან მსოფლიოს ამ პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრისკენ მოუწოდა და თავისი პოზიცია უკრაინულ მარცვლეულზე მილიონობით ადამიანის დამოკიდებულებით ახსნა.

„გთხოვთ, არ გამოიყენოთ ხორბალი, ეს საბაზისო პროდუქტი, იარაღად. შეშფოთებას იწვევს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება, რომელზეც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ ეს პრობლემა, რათა გარანტირებული იყოს ადამიანების საყოველთაო უფლება საკვებზე“, — ციტირებს სააგენტო ANSA პონტიფიკოსის სიტყვებს.

მიმდინარე კვირაში ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში ბლოკირებული 20 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტისთვის ევროკავშირმა მოსკოვთან შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ხელს არ უშლის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ „აბსოლუტურად უკანონო“ სანქციების შემოღებასთან და უკრაინის პორტების დანაღმვასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ.
უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციამ“ მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის ფაქტობრივი იზოლაცია და უკრაინიდან სურსათის მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ამ პროცესების შედეგად 2022 წელს სურსათზე ფასები თითქმის 23%-ით გაიზრდება. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოში პოტენციური მასობრივი შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0