როგორია ბავშვების დამოკიდებულება წიგნებთან: საქართველოში კვლევა ჩატარდება

CC0 / Pixabay / გოგონა წიგნს კითხულობს
გოგონა წიგნს კითხულობს - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც კვლევის სფეროში სულ მცირე სამი სპეციალისტი ჰყავს დასაქმებული.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიზანია ჩატარდეს კვლევა და გამოვლინდეს ბავშვების დამოკიდებულება წიგნებთან. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სამინისტრომ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კვლევითი მომსახურების შესყიდვისთვის გამოაცხადა ტენდერი თემაზე „კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით“. სატენდერო თანხა 97 ათას ლარს შეადგენს.

„ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წიგნი, როგორც შემეცნებისა და ადამიანის პიროვნების ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, აქტუალობას კარგავს ბავშვებსა და მოზარდ თაობაში. აღნიშნული პრობლემის სრულფასოვნად გასააზრებლად გამოცხადებული კვლევა მიზნად ისახავს 5-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში კვლევას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვლევის მიზნებში შედის:
1.
კითხვისადმი ინტერესისა და წიგნთან დამოკიდებულების დადგენა;
2.
იმ ფაქტორების/პრობლემების გამოკვეთა, რაც შესაძლოა აფერხებდეს ბავშვების წიგნთან პოზიტიურ დამოკიდებულებასა და კითხვისადმი ინტერესს.
უწყების ცნობით, კვლევის ამოცანებია წიგნის კითხვისადმი დამოკიდებულების შეფასება; წიგნის კითხვისადმი ინტერესის ნაკლებობის ან/და უარყოფითი დამოკიდებულების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი მიზეზების კვლევა; კითხვისადმი დამოკიდებულებაზე მოქმედი გარემო ფაქტორების შესწავლა და ანალიზი; ქალაქად და სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების წიგნებსა და ბიბლიოთეკაზე წვდომისა და კითხვისადმი დამოკიდებულების შეფასება და სხვ.
პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც კვლევის სფეროში დასაქმებული ჰყავს არანაკლებ სამი სპეციალისტისა.
ტენდერის მონაწილეს უნდა ჰქონდეს მასშტაბური კვლევის ჩატარების გამოცდილება, რაც გულისხმობს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების მეთოდოლოგიების გამოყენების გამოცდილებას.
ასევე ტენდერში მონაწილეს ან/და კვლევაში მონაწილე სამუშაო ჯგუფის წევრებს (არანაკლებ 3 წევრს) უნდა ჰქონდეთ განათლების სფეროში, მათ შორის მოსწავლეთა წიგნიერებასთან დაკავშირებით, კვლევების დაგეგმვის, ადმინისტრირების, ანგარიშის მომზადების გამოცდილება და ამ მიმართულებით ჩატარებული მინიმუმ ერთი კვლევა ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ტენდერში წარმოდგენილი კვლევის დაწყების თარიღად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო კვლევის დასრულების - არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბერი.
ყველა ახალი ამბავი
0