მოგოლთა იმპერიის დედოფლად ქცეული ქართველი ტყვე ქალი: ამბავი ისტორიიდან

CC0 / Pixabay / rarestohanean / ქალაქი უდაიპური
ქალაქი უდაიპური - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
შაჰ-ჯეჰანისთვის ერთ დღეს საქართველოდან გატაცებული 12 წლის გოგონა მიუგვრიათ, რომელიც თავისი ვაჟისთვის გადაულოცავს ხარჭად. რა იცოდა მოგოლთა მბრძანებელმა, რომ მალე კოლხი ტყვე-ქალი დედოფლად მოევლინებოდა იმპერიას...
ვინც კარგად იცნობს ინდოეთის გეოგრაფიას, მოეხსენება, რომ ინდოეთის დასავლეთით, რაჯასტანის შტატში არსებობს ქალაქი უდაიპური — მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ნახევარი თბილისის ტოლი, მაგრამ სილამაზითა და ტურისტების სიმრავლით გამორჩეული, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „აღმოსავლეთის ვენეციას“.
სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის სახელი „უდაიპური“ საქართველოდან გატაცებულ ულამაზეს ქალს უკავშირდება, რომელიც 30 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა ყველაზე ლამაზად მთელ ინდოეთში.
საქმე კი ასე იყო. მეჩვიდმეტე საუკუნეში მოგოლთა იმპერატორ შაჰ-ჯეჰანს, რომელსაც მსოფლიო ლეგენდარული თაჯ-მაჰალის აგებით იცნობს, ერთ დღეს სამეგრელოდან (ზოგი წყაროს თანახმად) მოტაცებული 12 წლის ბავშვი მიჰგვარეს. შაჰმა კი ის თავის უფროს ვაჟს, ტახტის მემკვიდრე დარას დაუთმო.
გოგო, რომელსაც სახელად უდაიპური მაჰალ-საჰიბა უწოდეს, გაიზარდა და ულამაზეს ასულად იქცა − ისეთად, რომ ინდოეთში მზის სხივს ადარებდნენ. უფლისწულ დარას ის სიგიჟემდე შეუყვარდა და, უამრავი ხარჭის პატრონი, სხვა ქალისკენ აღარც იხედებოდა.
უდაიპური - მაჰალ საჰიბა, უცნობი ავტორის ნახატი, მე-17 საუკუნე
უდაიპური - მაჰალ საჰიბა, უცნობი ავტორის ნახატი, 17-ე საუკუნე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
უდაიპური - მაჰალ საჰიბა, უცნობი ავტორის ნახატი, მე-17 საუკუნე
უფრო მეტიც, უდაიპურის სიყვარულითა და ხათრით დარამ მაჰმადიანობა უარყო და გაქრისტიანდა.
უდაიპურის მშვენიერების ამბავმა შაჰ-ჯეჰანის ყურამდეც მიაღწია თურმე და შვილისთვის მისი წართმევა მოინდომა, მაგრამ არ დასცალდა — 1658 წელს მესამე ვაჟი აურანგზები აუჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ამბოხებულმა შვილმა მამა თაჯ-მაჰალის გვერდით მდებარე ციხეში გამოკეტა, თავად კი საიმპერატორო ტახტი „ალამგირის“, ანუ „ქვეყნის მპყრობელის“ სახელით დაიკავა.
აურანგზებმა მმართველობის პირველი წლები ძმებთან ბრძოლას შეალია. საბოლოოდ ყველა ჩამოიცილა გზიდან — სამივე ძმა და ცხრა ძმისწული დახოცა, მხოლოდ უდაიპური დატოვა ცოცხალი და ცოლადაც კი შეირთო იგი.
ერთი ვერსიით, ფანატიკოსი მუსლიმი აურანგზები, რომელიც ისლამის გარდა ყველა რელიგიას დევნიდა, ინდუისტური სალოცავებიც კი წაბილწა და არამუსლიმ მოსახლეობას ახალი გადასახადი დაუწესა, უდაიპურის გავლენით მალე საგრძნობლად შეცვლილა.
ზოგი წყარო ირწმუნება, მრისხანე მბრძანებელი საყვარელ ქალს ქრისტიანული რიტუალების შესრულებასაც კი არ უშლიდაო. და ეს, ალბათ, ასეც იყო, თორემ სხვაგვარად როგორ შეინარჩუნებდა სიცოცხლის ბოლომდე მართლმადიდებლობას? ის კი არა, თურმე იმპერატორი, ცოლის გულის გასახარად, პირჯვარსაც იწერდა ხოლმე სხვებისგან მალულად.
უდაიპურის სიყვარულით, აურანგზები მზრუნველობას არც მისი სახელობის ქალაქს აკლებდა. კიდევ უფრო გაამშვენა, გაალამაზა და ნამდვილ წალკოტად აქცია ერთ დროს მევარის სამთავროს ყოფილი დედაქალაქი, რომელსაც, როგორც ამბობენ, სახელი თავად უწოდა საყვარელი მეუღლის პატივსაცემად.
როგორც ჩანს, იმსახურებდა კიდეც ამგვარ პატივს საქართველოდან გატაცებული მშვენიერი კოლხი ქალი. ამბობენ, სილამაზესთან ერთად საოცრად გონიერი გახლდათ და მეუღლე-იმპერატორის მთავარი მრჩეველი და არაოფიციალური თანამმართველიც კი იყოო.
და, მაინც, მიუხედავად ესოდენი პატივისა და დიდებისა, უდაიპური მუდამ გულჩათხრობილი და სევდიანი ყოფილა. სამშობლო ენატრებოდა, ბავშვობაში დაბრუნება ყველაფერს ერჩია – იმ დროის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცის ცოლობასაც და განუზომელ ფუფუნებასაც (სულთნის ყოველწლიური შემოსავალი, თანამედროვე კურსზე რომ გადაიყვანეს, 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მიიღეს).
მისი ერთადერთი შვება ქართველ ტყვეებთან და მამლუქებთან მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება ყოფილა. იმპერატორის ცხრაკლიტულით დაბეჭდილი ჰარემის მცველებს 1000 ოქროს უხდიდა ყოველ ჯერზე, რათა თანამემამულე მამლუქები მოენახულებინა და მათთან ტკბილხმოვანი ქართულით ელაპარაკა.
და რადგან არაფერი იმალება, ჰარემში ხმა გავარდა, კუროებს იღებსო უდაიპური. და ერთმა ქურთმა სარდალმა მცველები მოისყიდა, მამლუქის სამოსში გამოეწყო და ისე ეახლა ქალს. გაუღიმა მზის სადარმა „თანამემამულეს“ და ქართულად გამოელაპარაკა. იმან კი ურდუს ენაზე დაუბრუნა პასუხი, ეგ ენა არ მესმის, მოგოლი ვარ, შენი სიყვარულით გადარეულიო. მრისხანება ვერ დაფარა კოლხმა ასულმა, ეს როგორ მაკადრესო და აურანგზებს მოაკვლევინა გამიჯნურებული სარდალიცა და ის მცველებიც, რომლებიც ქურთ „მიჯნურს“ მოესყიდა.
სამშობლოს მონატრებამ და სევდამ მოინელა ულამაზესი კოლხი ასული, რომლის მშვენებასაც, თურმე, დრომაც კი ვერ დააკლო ვერაფერი. ქრისტიანი ქალი უდიდესი პატივით დაკრძალეს მუსლიმურ ქვეყანაში.
უდაიპურის სიკვდილი მძიმე დარტყმა გამოდგა აურანგზებისთვის, იმდენად მძიმე, რომ დარდმა ისიც სამიოდე თვეში გადაიყოლა თურმე...
იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დაიწყო მოგოლთა იმპერიის მსხვრევა და აღიგავა ის პირისაგან მიწისა. მაგრამ დარჩა ქალაქი უდაიპური და ლეგენდა მშვენიერი კოლხი ქალისა, რომელიც დღესაც ინდოელი მწერლების შთაგონების წყაროა.
ყველა ახალი ამბავი
0