საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
სამცხე-ჯავახეთში წელს ყირიმ-კონგოს ცხელების უკვე 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ადიგენის რაიონში 65 წლის მამაკაცი ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Formula TV.
შემთხვევა სოფელ შოლავერში მოხდა. ექიმების თქმით, მკურნალობა დაგვიანებული იყო. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მამაკაცს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, ექიმებმა ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზის დასმა დროულად ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, თავიდან მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი და გაციებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ ის ტყეში მუშაობისას გაცივდა, მაგრამ მალე ტანზე ტკიპის ნაკბენი შენიშნეს.

ახლობლებმა ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში, სადაც ტკიპა მოაშორეს და ნაკბენი ადგილი დაუმუშავეს. მაგრამ მამაკაცის მდგომარეობა გაუარესდა, დაეწყო შინაგანი სისხლდენა, რის გამოც პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელიც. მისი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. მასაც ასევე ტკიპამ უკბინა. ის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში გაუმჯობესების დინამიკა შეიმჩნევა და, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ორ საეჭვო შემთხვევას ექსპერტები სწავლობენ.
მაისის დასაწყისში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების საწინააღმდეგოდ საქონლის დამუშავება დაიწყეს. ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ასპინძის რაიონების სოფლებში რეგიონის ვეტერინარებმა 3290 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაამუშავეს.
ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე (ტკიპა აქტიურდება თბილ და ცხელ სეზონზე), დაიცვან ინსტრუქციები, დაამუშავონ ცხოველები სპეციალური პრეპარატებით, მოაცილონ ტკიპები ცხოველებს ხელთათმანებით და პინცეტით, ატარონ დახურული ტანსაცმელი მინდორში მუშაობისას. ხოლო დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ყირიმ-კონგოს ცხელება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მას Bunyaviridae-ს ოჯახის ვირუსი Nairovirus იწვევს, რომელსაც ტკიპები ავრცელებენ.
წყარო - Formula TV.
ყველა ახალი ამბავი
0