რა განიხილეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

© press-service of the President of Georgiaსაქართველოს და სომხეთის დროშები ორბელიანის სასახლეზე
საქართველოს და სომხეთის დროშები ორბელიანის სასახლეზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სატრანსპორტო პოლიტიკის, კომუნიკაციის სფეროები, ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების წარმატება აუცილებელია რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგა ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ.
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი თბილისს 30 მაისს ეწვია. სომხეთის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის გარდა, შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

„ამ მოლაპარაკებების შედეგებზე დამოკიდებულია რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, ამ მშვიდობის დამყარებაზე არის დამყარებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ახალი გეგმა, რომელიც ეხება რეგიონს და მას უქმნის სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს სატრანსპორტო პოლიტიკა, კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხები, ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპარსეთის ყურე–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი.
სალომე ზურაბიშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი სრულდება და ხაზი გაუსვეს, რომ მეგობრული ურთიერთობა არაერთ ასწლეულს ითვლის.
„30 წელი ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები იყო კეთილმეზობლური და ეს ასახავს ჩვენს საუკუნოვან ისტორიას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
როგორც ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიუთითა, მაღალ დონეზე შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ორივე ქვეყნის სურვილს, გააფართოონ და გააღრმაონ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღებული ვალდებულებები ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის შესანარჩუნებლად და ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. ეს იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ წარმატებას რეგიონში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისი სიტყვებით, სომხეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობას.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0