პრემიერი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვაა, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მაგრამ არ დაუშვებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევისთვის გამოიყენონ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ წუთებში მთავრობის მეთაური პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რათა საქართველომ არ დაარღვიოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი.

„ეროვნულ დონეზე საქართველომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ სანქცირებული კომპანიების ან ინდივიდების უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და არცერთ სანქცირებულ პირს ან კომპანიას არ მივცემთ უფლებას, საქართველო სანქციებისგან თავის დასაღწევად გამოიყენონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთში საქართველოს მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, აღნიშნა პრემიერმა.
„ეკონომიკურ დონეზე სანქციების შემოღება ნიშნავს სანქციების საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ შემოღებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვაა, დასძინა მან.
„ახლა მსოფლიოში რთული მდგომარეობაა – ეკონომიკის რეცესია, მაღალი ინფლაცია, ჩვენ კი მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ, ჩვენი ვალუტა მყარდება, იზრდება ტურიზმი. ჩვენ რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა, მაშინ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით? პასუხი თავად გაეცით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0