ილია მეორე დიასპორას: სამშობლოს თქვენ უყვარხართ

© photo: Sputnik / Stringerკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ იმ ქვეყნის დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქეები, სადაც ახლა იმყოფებიან.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ იყვნენ თავიანთი ქვეყნის ღირსეული ელჩები, ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
თბილისში ტარდება დიასპორის დღისადმი მიძღვნი ფორუმი „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.

„ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს, ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციების დავიწყებას“, – ბრძანებს პატრიარქი.

პატრიარქის თქმით, უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები იძენენ გამოცდილებას, ეცნობიან ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების დარგში და ეძლევათ შესაძლებლობა – გამოცდილება გაუზიარონ თანამემამულეებს.
ქართული დიასპორის დახმარებით უცხოელები ეცნობიან საქართველოს ხელოვნებას, ადათ-წესებს, სულიერ ფასეულობებს, წარსულსა და აწმყოს, აღნიშნავს ილია მეორე.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ“, – ამბობს პატრიარქი.
პატრიარქის თქმით, დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე.
„ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს სჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
ილია მეორემ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს მოუწოდა, იყვნენ იმ ქვეყნის დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქეები, სადაც ახლა იმყოფებიან.
„დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ, ადრე თუ გვიან, თქვენ საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას. სამშობლოს თქვენ უყვარხართ, სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით“, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
ყველა ახალი ამბავი
0