„რუსეთი არ აპირებს გლობალური ეკონომიკური ასპარეზიდან წასვლას“ - პუტინი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
რუსეთი არ აპირებს გლობალური ეკონომიკური ასპარეზიდან წასვლას. ჩვენი გაძევება უნდათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში, ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე გამოსვლისას, წერს „რია ნოვოსტი“.
„რასაკვირველია, ჩვენ გვესმის უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობები, მაღალ ტექნოლოგიებში უპირატესობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ არ ვაპირებთ ამისგან საკუთარი თავის მოკვეთას. ჩვენი გამოძევება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ეს უბრალოდ არარეალისტურია, უბრალოდ შეუძლებელია. თუ ჩვენ თავად არ გამოვეყოფით რაღაც დოზით, ვერავინ შეძლებს ისეთი ქვეყნის გამოცალკევებას, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს, ისინი აისახება ყველაზე, სხვადასხვა ეკონომიკაში ასეთი ინფლაცია არ ყოფილა 40 წელი და ეს სახუმარო ამბავი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„როგორი მდგრადიც არ უნდა იყოს იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ასეთ წინდაუხედავ პოლიტიკას (სანქციების დაწესება, - რედ.) ატარებენ, მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩვენი პოზიცია სწორი და დასაბუთებულია. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსაც რომ შევხედოთ. ამ განვითარებულ ქვეყნებში 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ინფლაცია, უმუშევრობა იზრდება, ჯაჭვები წყდება, გლობალური კრიზისი ღრმავდება. ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა, ვთქვათ, სურსათი, ეს სახუმარო არ არის, სერიოზული საკითხია“ - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი აისახება ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მთელ სისტემაზე.

ბიზნესი და იმპორტის ჩანაცვლება

რუსული ბიზნესი რთულ პირობებში საუკეთესო თვისებებს ავლენს და საკმაოდ სწრაფად ახერხებს ადაპტაციას, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
„სამამულო ბიზნესი ამ რთულ პირობებში საუკეთესო თვისებებს ავლენს და საკმაოდ სწრაფად ახერხებს ადაპტაციას. ვიცი, ეს როგორი რთულია: ახალი პარტნიორების, ახალი ლოგისტიკური ჯაჭვების პოვნა, კოლექტივის შენარჩუნება, პროდუქციის წარმოების დონის, მომსახურების დონის, ხარისხის შენარჩუნება დიდ ძალისხმევასა და ნიჭს, ნებისყოფას მოითხოვს. ეს ყველაფერი, ჩვენი მეწარმეების დიდი უმრავლესობის პასუხისმგებლობასთან ერთად, მეტად პოზიტიურ შედეგს იძლევა“, - აღნიშნა მან რუსეთის ბიზნესომბუდსმენთან ბორის ტიტოვთან შეხვედრაზე.
ამასთან, როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ რუსეთში იმპორტის ჩანაცვლება ბოლომდე ვერ მოესწრო.
„ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ვერ დასრულდა იმპორტის ჩანაცვლების სფეროში, გავაკეთებთ... იმიტომ გავაკეთებთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (EAEU) მოუწოდა დიალოგის დაჩქარება SWIFT-ის სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დიალოგის დაჩქარება საკუთარი საერთაშორისო საფინანსო-ანგარიშსწორების მექანიზმების თემაზე, SWIFT-ის სისტემიდან მეგობარი ქვეყნების ბანკებს შორის პირდაპირ კონტაქტებზე გადართვაზე, მათ შორის, რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური ინფორმაციის გადაცემის სისტემის მეშვეობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასობაში, EAEU-ის წევრი ქვეყნების ეროვნული ვალუტებით ურთიერთანგარიშსწორების წილმა 75%-ს მიაღწია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. „ფართოვდება ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორების პრაქტიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ მათმა წილმა ურთიერთვაჭრობაში უკვე მიაღწია 75%-ს“, - თქვა პუტინმა.
„მომავალშიც ვიმუშავებთ ეროვნული საგადახდო სისტემებისა და საბანკო ბარათების ურთიერთგამოყენებაზე“, - დასძინა პრეზიდენტმა.

რუსეთისა და ბელარუსის თანამშრომლობა

რუსეთი და ბელარუსი შეთანხმდნენ მიკროელექტრონიკის წარმოების პროექტების დაფინანსებაზე, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ ბელარუსის რესპუბლიკასთან კოოპერაციასთან დაკავშირებული მრავალი მიმართულებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან ბელარუსის რესპუბლიკამ შეინარჩუნა გარკვეული, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი კომპეტენციები, მათ შორის, მიკროელექტრონიკაში. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ახლახან შევხვდი სოჭში, ვისაუბრეთ ამაზე, შევთანხმდით კიდეც ფინანსების გამოყოფაზე ბელარუსში საწარმოო პროექტებისთვის, რომელთა პროდუქციაზეც მოთხოვნილება იქნება რუსეთში“, - აღნიშნა პუტინმა.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობა

მომწიფდა ევრაზიის დიდი ეკონომიკური პარტნიორობის ეკონომიკური განვითარების კომპლექსური სტრატეგიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელშიც ასახული იქნება ყველა მთავარი საერთაშორისო გამოწვევა, განაცხადა პუტინმა.
„მომწიფდა დიდი ევრაზიული პარტნიორობის განვითარების კომპლექსური სტრატეგიის ჩამოყალიბების საკითხი და ის უნდა ასახავდეს საკვანძო საერთაშორისო გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, ასევე, განსაზღვრავდეს პერსპექტიულ მიზნებს, შეიცავდეს მათი მიღწევის ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს“, - აღნიშნა პუტინმა.
კერძოდ, მისი სიტყვებით, აუცილებელია სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებების სისტემის განვითარების შემდგომი ნაბიჯების შემუშავება, მათ შორის, SCO-ის (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია), ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია), BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მონაწილეობით. „ფაქტობრივად, საუბარი შეიძლება შეეხოს ახალი შეთანხმებების ფორმირებას, რომლებიც განავითარებს და შეავსებს ვმო-ს წესებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტარიფებზე ფიქრი, არამედ არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრა, რაც უფრო ხელშესახებ ეფექტს მოგვცემს ისე, რომ ეროვნულ ეკონომიკებს რისკებს არ შეუქმნის“, - დააზუსტა პრეზიდენტმა.
მან პარტნიორობის განვითარების რამდენიმე წინადადებაზეც ისაუბრა. კერძოდ, წამოაყენა ევრაზიის საექსპორტო ცენტრისა და სავაჭრო სახლების შექმნის, ევრაზიის ხელახალი დაზღვევის კომპანიის შექმნის დაჩქარების, განსაკუთრებული ტრანსსასაზღვრო ზონების განვითარების საკითხის შესწავლის წინადადება.
„მნიშვნელოვანია, აქტიურად განვავითაროთ EAEU-ის თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან, გავაცნოთ მათ EAEU-ის უპირატესობები და სარგებელი, ჩვენი საკვანძო პროექტები და გეგმები. კოლეგებმა იციან, რომ ჩვენი გაერთიანების მიმართ ინტერესი იზრდება. ამ კონტექსტში თავისი როლის შესრულება შეეძლო EAEU-ის საქმიან საბჭოსაც, რომელიც უკვე წარმატებით ავითარებს კავშირებს ორგანიზაციის პერიმეტრებს მიღმა - მისი ბიზნესდიალოგების სისტემა შეიძლება მაგალითად იქცეს დიდ ევრაზიაში საქმიანი თანამშრომლობის პოტენციური პლატფორმისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
„ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველია საქმიანი ინიციატივის თავისუფლების, შემოქმედებითი ბიზნესსაქმიანობის, ჩვენი ინვესტორების მხარდაჭერა. გთავაზობთ მათთვის დამატებითი, უფრო ხარისხიანი სტიმულების ფორმირებას, ევრაზიული პროექტების დაფინანსებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას. კომპანიებმა, რომლებიც EAEU-ის ქვეყნების ეროვნულ ბიზნესებს წარმოადგენენ, რასაკვირველია, პრიორიტეტული მხარდაჭერა უნდა მიიღონ“, - ხაზი გაუსვა მან.

„დიდი ევრაზია“

დიდი ევრაზიული პარტნიორობა გახდება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. „დარწმუნებული ვარ, თუმცა ისედაც ნათელია, რომ ეს იქნება ცენტრი, რომელიც ბევრს დააინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა.
„დიდი ევრაზია - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, იქნება დიდი ცივილიზაციური პროექტი და მისი არსი რეგიონული ორგანიზაციებისთვის თანასწორი თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნაა. დიდი ევრაზიული პარტნიორობის მიზანია პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურის შეცვლა, მთელ კონტინენტზე სტაბილურობისა და აყვავების, და, რასაკვირველია, განვითარების მოდელების მრავალსახეობის გათვალისწინებით, ყველა ხალხის კულტურებისა და ტრადიციების გარანტად ყოფნა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა EAEU-ის ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ამ წინადადებას თავიდანვე დაუჭირეს მხარი. „დიდი ევრაზიული პარტნიორობის შექმნას მხარი დაუჭირეს ასევე BRICS-ის წევრებმა - ჩინეთმა და ინდოეთმა, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანამ. ამ ინიციატივის მიმართ ინტერესს იჩენენ SCO, ASEAN და სხვა ორგანიზაციები“, - აღნიშნა პუტინმა.
ყველა ახალი ამბავი
0