ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებული დამოუკიდებლობის სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ერთგულებით. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, – აღნიშნულია ბაიდენის მისალოც წერილში.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილშია აღნიშნული, ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.
„რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე“, — აღნიშნულია წერილში.
ჯო ბაიდენი მადლიერებას გამოხატავს ქართველი მშვიდობისმყოფელებისადმი, რომლებიც ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობდნენ.
„საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ყველა ახალი ამბავი
0