26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წელს პირველად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ჰიმნთან ერთად, ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „ევროპისკენ“.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი მარტში გააკეთა. უფრო მეტიც, ქვეყანამ უკვე შეავსო აუცილებელი კითხვარი.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.
რა იგეგმება თბილისში
დღეს რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში.
თავისუფლების მოედანზე დღის მთავარი ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. რეკრუტები და წვევამდელები საქართველოს ხუთ ქალაქში სამხედრო ფიცს დადებენ ქვეყნის პირველი პირებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.
თავისუფლების მოედანზე განლაგდება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.
წელს ღონისძიების სტუმრებს ახალი ავიაშოუ ელოდება – თვითმფრინავები და ვერტმფრენები თავისუფლების მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაიფრენენ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები, ოპერისა და ბალეტის სოლისტები, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და ანსამბლი „ერისიონი".
ყველა ახალი ამბავი
0