„ქართულ ოცნებაში" იან კელისა და დევიდ კრამერის კრიტიკას უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელისა და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებები საქართველოს მთავრობის ახლანდელ კურსთან დაკავშირებით სრული აბსურდია, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
კელისა და კრამერის ერთობლივ მასალაში ნათქვამია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მათი აზრით, „ავტორიტარიზმისკენ სავალ გზაზე“ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი გახდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელი „პოლიტიკურად მოტივირებული“ ბრალდებების საფუძველზე.

„იან კელი, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი, ამტკიცებს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება ჩვენ გვაშორებს ევროპას, ხოლო ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და განზრახ სიკვდილი ციხეებში, და არა მარტო ციხეებში, არის ის, რაც გვაახლოვებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოსაზრება, რომელიც კელიმ და კრამერმა ძალიან მოკლედ ერთ აბზაცში გამოხატეს, „აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე“, დასძინა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც.
„ვფიქრობ, რომ კელი და კამერონი საერთოდ არ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თავის დროზე კელის პოზიციამ გაუადვილა გვარამიას მისი გეგმის რეალიზაცია – რამდენიმე მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“.
კობახიძე გვარამიას დაკავებაზე გამოხმაურებებს მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად აფასებს>>>
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
„იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს, გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე იმ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით", – განაცხადა კობახიძემ.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0