განათლების მინისტრმა ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა

© courtesy of European Physics Olympiadევროპის ფიზიკოსთა ოლიმპიადა
ევროპის ფიზიკოსთა ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში (EuPhO, European Physics Olympiad) გამარჯვება მიულოცა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 20-24 მაისს გამართულ ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო და თითოეულმა მოსწავლემ შეძლო მედლის მოპოვება. ოლიმპიადაში 27 ქვეყნიდან 189 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ოქროს მედალი კი 12 მოსწავლეს გადაეცა.

„გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას. თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შემართებით კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და მჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გელოდებათ“, – მიმართა ჩხენკელმა მოსწავლეებს.

საქართველოს ნაკრები კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ოქროს მედლები კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალიც კომაროველმა ანდრია მანჯავიძემ მიიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები ქუთაისელი მოსწავლეები გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი მარგველაშვილმა EuPhO-ს საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელ იან კალდასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ოლიმპიადის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს და ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების სავარაუდო თარიღად 2025 წელი დაასახელეს.
ყველა ახალი ამბავი
0