ამბავი ეგვიპტის მრისხანე ქართველი მბრძანებლისა: მეგრულ ჰანგებს შეწირული ჰასან ბეგი

© photo: Sputnik / Alejandro Martinez Velez / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
მამლუქების ეპოქის ექგვიპტე. 1501 წლის 20 აპრილი. მამლუქებს ტახტზე კანსუხ ალ ჰავრი, „ჩერქეზად“ სახელდებული აჰყავთ; „ჩერქეზი“, რომელმაც, როგორც ევროპელი მემატიანე დელა პორტა ირწმუნება, არაბულისა და ქართულის გარდა, სხვა ენა არ იცოდა.
და ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, მამლუქთა ეპოქის ეგვიპტეში უმაღლესი სამხედრო არისტოკრატიის თათბირები, ქართველთა სიმრავლის გამო, ქართულად იმართებოდა. ანუ ამ ენაზე არა მარტო მეტყველებდნენ, არამედ ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, წინასწარ გეტყვით, რომ მამლუქების ეპოქაში ტერმინი „ჩერქეზული დინასტია“ მხოლოდ ამ წარმომავლობის მამლუქებს როდი გულისხმებოდა. ჩერქეზი იმ პერიოდის ეგვიპტეში აღმოსავლეთი შავი ზღვისპირეთის მოსახლეს ნიშნავდა. უფრო მეტიც, ბევრი უცხოელი ისტორიკოსი ტერმინში „ჩერქეზეთი“ საქართველოსაც მოიაზრებდა.
შოტლანდიელი მოგზაური ლუიზინიანი ჩერქეზული დინასტიის მამლუქებზე წერდა:

„ეს მონები წარმოშობით ყველანი ივერიიდან არიან, რომელსაც ჩვეულებრივ საქართველოს, ჩერქეზეთს, აფხაზეთს ან სამეგრელოს ვუწოდებთ“...

კანსუხ ალ ჰავრს ჰყავდა შვილობილი, სახელად ჰასან ბეგ ჩერქეზი. ასე მას მხოლოდ იმიტომ უწოდებდნენ, რომ მამობილი ჰყავდა ჩერქეზი, თორემ საიდან იყო წარმოშობით, ზუსტად არავინ უწყოდა.
ჰასან ბეგი, მეტსახელად „გაუცინარი“, ზემო ეგვიპტის მბრძანებელი იყო. ეს მეტსახელი ბეგს მისი გამუდმებული მოწყენილობის, სევდიანობისა და გულჩათხრობილობის გამო შეერქვა.
არადა, სალხენად ყველაფერი ჰქონდა: თანამდებობა, ფული, ოქრო-ვერცხლი, ლამაზი ქალებით სავსე ჰარემი, უმდიდრესი და უძვირფასესი სასახლე ქალაქ თებეში...
ერთ დღეს ჰასან ბეგი წარმატებული ლაშქრობიდან სასახლეში ბრუნდებოდა. თებეში შესულს ქარვასლის მხრიდან სიმღერა შემოესმა. განრისხდა ბეგი. წესი იყო – გამარჯვებით დაბრუნებულ მამლუქებს მოსახლეობა წინ უნდა შეჰგებებოდა და პირქვე დამხობილიყო, სადღაც კი არ უნდა ემღერა.
მხედრებმა, ბეგის ბრძანებით, ქარვასლის ჭიშკარი შეანგრიეს და უჩადრო ახალგაზრდა ქალი დაინახეს, რომელიც კიბეზე იჯდა და სევდიან ჰანგებს ამღერებდა.
ჰასან ჩერქეზს მყის გაუნელდა სიბრაზე. ქალს მიუახლოვდა და ნახა, რომ სახე მთლად დასერილი ჰქონდა, თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ არნახული სილამაზის პატრონი იყო.
— ვინ დასაჯა? — მრისხანედ იკითხა ბეგმა.
ფორთხვით მიუახლოვდა ფუნდუკის პატრონი, თვითონ დაისახიჩრა თავი, რომ არავინ იყიდოს, წყალში ჩამიყარა გადახდილი ფული, ფუნდუკში დავაყენე, რომ მანამ ემსახუროს სტუმრებს, სანამ ზარალს არ ამოვიღებო.
— ვის სიმღერებს მღეროდი? — ახლა ტყვეს მიუბრუნდა ჰასან ბეგი.
— გურჯების სიმღერას, — უპასუხა ქალმა.
— მე ვიცი გურჯების ენა, იტყუები, გურჯი არა ხარ.
— გურჯი ვარ, ოღონდ, საიდანაც მომიტაცეს, იმ მხარეში სხვანაირად ლაპარაკობენ. ორივე გურჯების ენაა.
— მერე, რა ჰქვია შენს მხარეს?
— რას გაიგებ, თუ გეტყვი, რომ ილორიდან ვარ...
ილორიო?! დანასავით დაუსერა გული ამ სიტყვებმა „გაუცინარ ბეგს“.
— რა გქვია?
— ცირა.
ცირა! ისევ გულის ტკივილი იგრძნო მრისხანე მამლუქმა.
— თქვენს მხარეში ნენე თუ ჰქვიათ ქალებს?
— „ნენე“ დედას ნიშნავს ჩვენებურად...
ოფლმა დაასხა ადგილზე გაქვავებულ მამლუქთა ბეგს. ერთხანს უძრავად იდგა. ბოლოს ცხენზე ამხედრდა და ქალს დაუბარა, სიმღერა განაგრძეო. ცირამ ცრემლიანი თვალები ხელით მოიწმინდა და ამღერდა.
— ილორი, ნენა... — ჩაიჩურჩულა ჰასან ჩერქეზმა, მერე, თითქოს მოიცელაო, ძალაწართმეული გადმოეკიდა უნაგირს.
მხლებლები მყის მისცვივდნენ მბრძანებელს საშველად, მაგრამ მას გული გახეთქოდა უეცრად. ბეგის მსახურებმა, გათვალაო ჯადოქარმა და საცოდავი ცირა ხმლებით ადგილზე აკუწეს.
არადა, ნახევარი ეგვიპტის მფლობელს მეგრულმა ჰანგმა რაღაც ძალზე ძვირფასი გაახსენა, ისე ძვირფასი და მონატრებული, რომ გულმა ვერ გაუძლო. ეს იყო და ეს...
ყველა ახალი ამბავი
0