შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა თავის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევს.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, არ დაეხმარონ მმართველ პარტიას და მეტიც – დათმონ მანდატები.
ნათელაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანია ევროპელი პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

„გამოდით პარლამენტიდან... შექმენით ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციონერები ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში დაბრუნდნენ, მას აფიქრებინებს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის დამხმარე რგოლის ფუნქციას ასრულებს.
გარდა ამისა, ნათელაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, ხელი მოაწეროს საერთო მიმართვას ევროკავშირის წარმომადგენლებისადმი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს.
ოპოზიცია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ისევ ალაპარაკდა მასმედიაში აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს საუბარს ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის. საუბარი ეხებოდა „იდეას მარცვლეულთან დაკავშირებით“ და საქართველოში რუსი ბიზნესმენების ჩამოსვლას.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, ეს აუდიოჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.
ოპოზიციამ სანქციების თემა, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრაზეც წამოჭრა.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მთავარი მიზანი არეულობის გამოწვევა და ქვეყნის ომში ჩათრევაა.
ყველა ახალი ამბავი
0