რამდენ ხანს გაგრძელდება ლარის გამყარება: ექსპერტის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerდოლარები და ლარები
დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ექსპერტის აზრით, ქართული ვალუტის გამყარება არ აწყობს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვიდან თვემდე დამოკიდებულია გზავნილებზე უცხოეთიდან
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარება დროებითი მოვლენაა და შემოდგომაზე ლარი კვლავ გაუფასურებას დაიწყებს, - ამის შესახებ საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8767 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. ბოლოჯერ ლარის მსგავსი გამყარება 2020 წლის მარტში დაფიქსირდა.
„ეს კურსი არ არის სტაბილური და შემოდგომაზე ლარი კვლავ გაუფასურებას დაიწყებს“, - განუცხადა შენგელიამ Sputnik-საქართველოს.
ექსპერტის თქმით, ლარის გამყარებაზე სამი ფაქტორი მოქმედებს: ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.

„ლარის გამყარებაზე სამი ფაქტორი მოქმედებს: მიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ისტორიულად რეკორდული ფულადი გზავნილები, რამაც გასულ თვეში 308 მილიონი დოლარი შეადგინა. პროცესზე ასევე მოქმედებს საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ ე.წ. ტურისტების ჩამოსვლა“, - განაცხადა შენგელიამ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 58,8%-ით გაიზარდა და 308,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 204,3 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა.
ექსპერტის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა ქვეყანაში უკვე ექვსი ათასამდე ახალი კომპანია დაარეგისტრირეს, რამაც ლარზე მოთხოვნა გაზარდა.
გარდა ამისა, ლარის გამყარებაზე იმანაც იმოქმედა, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით მთავრობა ვერაფერს გახდა, ამიტომ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარების მიზნით გარკვეული დავალებები მისცა.

რას აკეთებს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა მხოლოდ ერთი აუქციონი გამართა, რომელზეც 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

ვის აწყობს ლარის გაუფასურება

შენგელიას თვალსაზრისით, ქართული ვალუტის გამყარება არ აწყობს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვიდან თვემდე დამოკიდებულია გზავნილებზე უცხოეთიდან. მათ უფრო მეტად ლარის დევალვაცია აწყობთ, რადგან ვალუტების გაცვლისას უფრო მეტ ლარს მიიღებენ.
მიუხედავად ამისა, შენგელია მიიჩნევს, რომ ლარი მაქსიმუმ 2,8 GEL/$1 მაჩვენებლამდე გამყარდება.
„მეტს არ უნდა ველოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიცვლება ექსპორტის მაჩვენებლები - ისინი შემცირდება“, - განმარტა შენგელიამ.
ყველა ახალი ამბავი
0