პრემიერს პარლამენტში პარასკევს ელოდებიან

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
პარასკევს ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში კანონმდებლების წინაშე მთავრობის კიდევ ორი წევრი წარდგება.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატით პარასკევს, 27 მაისს უპასუხებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევა სურს, რათა მან უპასუხოს კითხვებს მასმედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის.

„ინტერპელაცია შედგება რეგლამენტით დადგენილი წესით, 27 მაისს... მათ შეუძლიათ დასვან ეს კითხვა და მიიღონ პასუხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ადრე განაცხადა კობახიძემ, 27 მაისს ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების წინაშე ასევე წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვის მიმართვის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას.
სკანდალური აუდიოჩანაწერები
აპრილის ბოლოს ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერები, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს: ქვეყნდება სკანდალური აუდიოჩანაწერი>>>
10 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს „ხორბალთან დაკავშირებულ იდეას“ სთავაზობს. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის - კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც საკითხის დეტალების გასაცნობად უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
„თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, მაშინ მე ამ საქმეზე წავალ“, – საუბრობს ადამიანი ევტუშენკოვის ხმით, რის შემდეგაც თანხმობას იღებს შეხვედრასა და საკითხის განხილვაზე.
მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული, ადამიანი ივანიშვილის ხმით პასუხობს, რომ მან ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გაგზავნა.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც ნახსენებია ჩანაწერში, დაადასტურეს, რომ უზდენოვი იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა შეხვედრას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
ამასთან, ითქვა, რომ პირადად პრემიერისა და უზდენოვის შეხვედრა არ გამართულა.
ყველა ახალი ამბავი
0