„პიჯაკების საქმე“: სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მთავარი ბრალდებულის გარეშე გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი პროცესი, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯებს, 11:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, ექს-პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, არ დაესწრება. შესაძლოა ამის გამო დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდოს, ვინაიდან სააკაშვილმა ადრე დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე წარმართულიყო.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0