„კრწანისის" ბაზაზე რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

© Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ტერიტორიული რეზერვის პროგრამას.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა – 204-ე ბატალიონის რეზერვისტებმა „კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რეზერვისტებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.
რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების სწავლება.

„ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 4-წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2.700 ლარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
ყველა ახალი ამბავი
0