გარიგებულ მატჩებში ბრალდებული „შევარდენი 1906“ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
კლუბის ხელმძღვანელობა სანქციების სიმკაცრით უკმაყოფილოა და მათ გადაჭარბებულად მიიჩნევს.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ადმინისტრაცია უარყოფს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბები ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-დან დაბალ ლიგაში დააქვეითეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგიდან ორი კლუბი - ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო დასაჯა. კლუბების გარდა, ორივე გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სხვადასხვა პერიოდით თამაში აეკრძალა.

„შევარდენი 1906“ კატეგორიულად არ ეთანხმება სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას. ასეთი შემთხვევა ჩვენს გუნდთან დაკავშირებით არ მომხდარა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა გუნდის დირექტორმა გიორგი ანდღულაძემ.

როგორც მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განმარტა, გუნდების ქვედა ლიგაში დაქვეითების გადაწყვეტილება უეფას ანგარიშის საფუძველზე იქნა მიღებული. ამასთან, ქრთამის აღების შესახებ მასალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობა სანქციების სიმკაცრით უკმაყოფილოა და მათ გადაჭარბებულად მიიჩნევს. როგორც კლუბში აცხადებენ, უეფასგან მიღებული ანგარიში ან დასკვნა არ იძლევა გუნდისა და მისი მოთამაშეების დისკვალიფიკაციის საფუძველს.
უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათს და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.
ზუგდიდის „დინამო“ ეროვნულ ლიგა 2-ში 13 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-6 ადგილზე იყო, ხოლო „შევარდენი 1906“-ს 13 ქულა ჰქონდა და მე-8 პოზიციას იკავებდა.
სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
ყველა ახალი ამბავი
0