უბედური შემთხვევა თუ სუიციდის მცდელობა? აბასთუმანში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

© photo: Sputnik / Stringerექსპერტ-კრიმინალისტი
ექსპერტ-კრიმინალისტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. აბასთუმანში მშენებარე სასტუმროდან 38 წლის მუშა გადმოვარდა, ამ დროისათვის მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.
თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ მშენებლობაზე დასაქმებული სხვა მუშებიც, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. ჯერჯერობით უცნობია მომხდარი ფაქტი უკავშირდება სუიციდის მცდელობას თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
მუშების თქმით, მამაკაცს ოჯახში პრობლემები ჰქონდა, იმ ადგილზე კი, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა, იპოვეს მობილური ტელეფონი, ჯვარი და სხვა ნივთები.
ექიმების თქმით, მამაკაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. თავდაპირველად დაშავებული ახალციხის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მშენებარე ობიექტი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ყველა ახალი ამბავი
0