„ქართული ოცნება“: სააკაშვილმა უნდა შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოსთან
სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის ლიდერები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას თვითდაზიანებას უკავშირებენ.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ვინც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, უნდა მოუწოდონ მას, რომ ექიმების რეკომენდაციები დაიცვას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის და კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავის ჯანმრთელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მას ტრავმის გამო შესაძლოა ხერხემლის ოპერაცია დასჭირდეს, ხოლო მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ თავის ტვინში ცვლილებები აჩვენა.

„თუ ვინმე მის (სააკაშვილის) ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მოუწოდონ, რონ ექიმების რეკომენდაციები დაიცვას და პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

თუმცა ყველას არ სჯერა იმ ექიმების, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ. ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა სააკაშვილის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა. ამას არაერთი თვეა ითხოვენ სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მხარდამჭერები.
მმართველ პარტიაში, რომლის ლიდერები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას თვითდაზიანებას უკავშირებენ, ამ განცხადებას მტკიცე უარით უპასუხეს.
„ვერანაირი სიმულანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი“, – განაცხადა მაისის პირველ რიცხვებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმებმა აპრილში განაცხადეს, რომ სააკაშვილი კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანაზე საუბარს „სრული სპეკულაცია", ასევე „არაადეკვატური და უსაფუძვლო" უწოდა.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0