მშობლების საყურადღებოდ! 24 მაისიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnikონლაინ-გაკვეთილზე
ონლაინ-გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 24 მაისის 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისის 18:00 საათზე დასრულდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ტარდება და ოთხივე ეტაპის დასრულების ვადაა 12 ივლისი.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საყოველთაო (მესამე) ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ წინა ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ. ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
ყველა ახალი ამბავი
0