მიმდინარე სასესიო კვირა პარლამენტში მწვავე დებატებით დაიწყება

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და რამდენიმე მინისტრს ელოდებიან.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები მოუსმენენ პრემიერ-მინისტრს და ოთხ მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში, გამართავენ საპარლამენტო დებატებს და რამდენიმე კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„გვექნება საკმაოდ დატვირთული კვირა. მოთხოვნილია საპარლამენტო დებატები, იქნება მინისტრის საათი და ინტერპელაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სპიკერმა დეპუტატებს უახლოესი დღეების საპარლამენტო მუშაობის განრიგი გააცნო:
24 მაისი - სამშაბათი:
პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება პოლიტიკური განცხადებებით და გაგრძელდება 2-3 საათი, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით გამოსვლებზე მხოლოდ 1 საათია გამოყოფილი;
15:00 საათიდან 17:00 საათამდე კანონპროექტების განხილვა იგეგმება;
17:00 საათზე დაიწყება საპარლამენტო დებატები თემზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია“. რეგლამენტის თანახმად, დებატები მაქსიმუმ 4 საათს გაგრძელდება და 21:00 საათზე უნდა დასრულდეს.
25 მაისი - ოთხშაბათი
12:00 საათზე დაიწყება კანონპროექტების დაჩქარებული ფორმატით განხილვა, შემდეგ კი მათ კენჭს უყრიან;
შესვენების შემდეგ დანიშნულია კომიტეტების სხდომა;
შემდეგ კანონპროექტებს მესამე მოსმენით განიხილავენ;
პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე წარდგება.
ხუთშაბათი, 26 მაისი უქმე დღეა.
27 მაისი - პარასკევი:
12:00 საათზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. მინისტრის გამოსვლა მაქსიმუმ 2 საათი და 45 წუთი გაგრძელდება. ის უპასუხებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსებასთან დაკავშირებულ კითხვებს;
15:00 საათზე დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის უპასუხებს კითხვებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო სანქციებს და მათი გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს;
17:45 საათიდან 19:30 საათამდე პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. ის ისაუბრებს მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე;
19:30-დან 22:00 საათამდე დეპუტატებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიმართავს. ის უპასუხებს დეპუტატების შეკითხვებს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დეპუტატების წინაშე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში წარდგებიან.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0