წლიური ინფლაცია საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებში - 2022 წლის აპრილი

გამოწერა
Yandex newsTelegram
როგორც განვითარებულ, ისე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მსოფლიოში ფასების ზრდა საქართველოს ბაზარზეც აისახა, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, თუ ადრე 2022 წელს გლობალური ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებდნენ, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ახალი ინფლაციური რისკები შექმნა. კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე გარკვეული კატეგორიის საქონელზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთში წლიური ინფლაცია 29 აპრილისთვის უმნიშვნელოდ დაჩქარდა 17,73%-მდე ერთი კვირით ადრე არსებული 17,7%-დან. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განახლებული საშუალოვადიანი პროგნოზი წარმოადგინა, რომელიც 2022 წელს ქვეყანაში ინფლაციას 18-23%-ის დიაპაზონში ვარაუდობს. 2023 წლისთვის წლიური ინფლაციის პროგნოზი 4%-დან 5-7%-მდეა გაზრდილი. ამასთან, 2024 წლისთვის ინფლაციის მოლოდინები 4%-იან ნიშნულზე რჩება.
აპრილის მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაცია 61,14%-დან 69,97%-მდე დაჩქარდა. მარტო აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 7,25% შეადგინა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აპრილში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 12,4% შეადგინა. მიმდინარე წლის აპრილში საკვებ პროდუქტებზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 101,7% შეადგინა. წელიწადზე გადაანგარიშებით ეს მაჩვენებელი 118,4%-ის ფარგლებშია.
სომხეთში წლიურმა ინფლაციამ 2022 წლის აპრილში 8,4% შეადგინა. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 20 აპრილამდე პერიოდში შიდა სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1 მილიარდით გაიზარდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ნაწილობრივ სწორედ ინფლაციით არის განპირობებული.
ყველა ახალი ამბავი
0