უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

© Pixabay / Pexelsსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპული სამხედროს პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება. შურღაიას ხვალ სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.
შურღაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 მაისს გავრცელდა. 38 წლის ქართველი მებრძოლი ქალაქ იზიუმთან ბრძოლისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კონტუზიაც ჰქონდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა. ესენი არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, რატი შურღაია და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0