„გისურვებთ მიზნების ასრულებას“ - დღეს XII კლასელებმა სკოლა დაამთავრეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიბოლო ზარი სკოლებში
ბოლო ზარი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
დღეს საქართველოს სკოლებში „ბოლო ზარი" დაირეკა – ათიათასობით კურსდამთავრებული ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის დღეს სასწავლო პროცესი დასრულდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებს სწავლის დასრულებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას!” – ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვაში.

XII კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც.
მინისტრის თქმით, აბიტურიენტების ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებითა და პერსპექტივებით.
„ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0