„თემო სოხუმსკი“, „ენცო“, „ჭინკა“ და სხვები - შსს-მ ცხრა პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავეს, აქედან შვიდ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულებს შორისაა 42 წლის მამაკაცი მეტსახელით „პაჭო“, შვიდ პირს შორის, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, სამი ე.წ. „კანონიერი ქურდია“, მეტსახელებით „თემო სოხუმსკი“, „ენცო“ და „ჭინკა“.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ და მას მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. ვადის გადაცილების შემთხვევაში კი ე.წ. საჯარიმო თანხასაც სთხოვდნენ.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა და 144-ე მე-3 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0