იწყება რეგისტრაცია თბილისის მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
პროგრამა მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე საჭირო სპეციალობებში პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ელექტრონული რეგისტრაცია 18 მაისს დაიწყო და 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებ-გვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი კი 6 ივნისიდან დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან.

პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის სპეციალობებში მომზადება-გადამზადებასა და დასაქმებას კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

პროფესიული გადამზადების პროგრამა ოთხი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის ბაზაზე განხორციელდება. ეს კოლეჯებია: „იკაროსი", „მერმისი", „სპექტრი" და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი. ამ ეტაპზე აღნიშნულ დაწესებულებებში გადამზადების კურსებს 1 ათასი მოქალაქე გაივლის.
უწყების ცნობით, თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა იქნება არაუმეტეს სამი თვისა, სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედდა 2018 წელს. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0