კონკურენცია და ფასნამატი საწვავზე: რა ხდება საქართველოს საწვავის ბაზარზე

© photo: Sputnik"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური
სოკარის ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კონკურენციის სააგენტომ იმპორტირებული საწვავის ბაზრის მდგომარეობა შეამოწმა და საქართველოში ბენზინზე მაღალი ფასების მიზეზები გაარკვია.
მაისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ საბჭოს ქვეყანაში საწვავის მკვეთრი გაძვირების მიზეზების გარკვევა დაავალა.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, იანვარი–აპრილის პერიოდში საქართველოში 22-მა კომპანიამ 385.678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა. ამასთან, საწვავის იმპორტში სამი მსხვილი კომპანიის წილმა 69% შეადგინა.
საიდან შემოდის საწვავი
იანვარი–აპრილში ქვეყანაში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31,2%, შემდეგ მოდიან ბულგარეთი – 24,1% და რუსეთი – 17,8%.
საქართველოში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების წილი შემდეგია:
რუმინეთი – 31,2%
ბულგარეთი – 24,1%
რუსეთი – 17,8%
აზერბაიჯანი – 14,7%
თურქმენეთი – 12%
დანარჩენი ქვეყნები – 0,2%.
ამასთან, იმპორტირებული საწვავის საერთო მოცულობის 64,1% ბენზინია, საიდანაც 38,4% „რეგულარის“ მარკის ბენზინია. რაც შეეხება დიზელის საწვავს, იგი საერთო იმპორტის 35,9%-ს შეადგენს.
როგორ დგინდება ფასები
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.

კონკურენციის სააგენტომ სამ მსხვილ კომპანიაში რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის ფასები შეამოწმა და დაადგინა, რომ რუსეთიდან შემოტანილ საწვავზე, რომლის თვითღირებულებაც ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით დაბალია, საცალო ფასნამატმა 1 ლიტრზე 0,65 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუმინულ საწვავზე ფასნამატს, მან 1 ლიტრზე 0,16 ლარი, ხოლო ბულგარეთიდან შემოტანილ საწვავზე – 0,2 ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, სამივე ქვეყნიდან იმპორტირებული განსხვავებული თვითღირებულების საწვავი საქართველოში იდენტურ ფასში იყიდება.
რას ველოდოთ ფასებისგან?
როგორც კონკურენციის სააგენტოში აღნიშნავენ, მაისში საერთაშორისო ბაზრებზე ფიქსირდება ნავთობსა და საწვავზე ფასების ზრდის ტენდენცია და ფასები მარტში დაფიქსირებულ პიკს მიუახლოვდა.
თუმცა, მეორე მხრივ, ეროვნული ვალუტა მყარდება, რამაც, სააგენტოს პროგნოზით, შეიძლება მზარდი ფასები დააბალანსოს.
ყველა ახალი ამბავი
0