თბილისში EU4Culture-ის პირველი რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ქალაქების ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს შერჩეულ ქალაქებს შორის ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობას.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ევროკავშირის პროექტ EU4Culture ორგანიზებით თბილისში 19-20 მაისს EU4Culture-ის რეგიონული ქსელის პირველი კონფერენცია გაიმართება.
EU4Culture ოთხწლიანი პროექტია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ის მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქების (არა დედაქალაქის) კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისკენ. პროგრამა მიზნად ისახავს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.
კონფერენციაზე ოფიციალურად დაფუძნდება „EU4Culture-ის ქალაქების ქსელი“ და მასში გაერთიანდებიან სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ის ქალაქები, რომლებმაც EU4Culture პროექტის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად.
ქალაქების ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს შერჩეულ ქალაქებს შორის ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობას. საქართველოდან ქსელის წევრი ქალაქები იქნებიან ფოთი, ზუგდიდი და ქუთაისი.
კონფერენციას დაესწრებიან შერჩეული ქალაქების მერები და სხვა წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიების მთავარი მიზანია:
„EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ დაფუძნება და მისი ფუნქციონირების ფორმალიზება;
ქსელში შემავალი ქალაქების პრეზენტაცია და მონაწილეთა გაცნობა;
ქალაქებისთვის ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პარტნიორობის განვითარების საუკეთესო მაგალითების წარდგენა;
ქალაქებისთვის EU4Culture-სა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების გაცნობა.
კონფერენციის მეორე დღეს ქალაქების წარმომადგენლებისთვის გაიმართება სემინარი პოლიტიკის შემუშავებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ.
პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ყველა ახალი ამბავი
0