სუმო: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება და ერთი ნაბიჯი დადებით ბალანსამდე

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ტოჩინოშინმა სუპერტურნირის მე-11 დღეს მონღოლი აძუმარიუ დაამარცხა, შემდეგი შერკინება კი ქართველ სუმოისტს იაპონელ მიოგირიუსთან მოუწევს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსს მიუახლოვდა.
სუპერტურნირის მე-11 დღეს 34 წლის ქართველი სუმოისტი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-15 მაეგაშირა აძუმარიუს დაუპირისპირდა. 35 წლის მონღოლმა ტოჩინოშინის პირველ მიძალებას გაუძლო, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით მისი დოჰიოდან გადაყვანა მაინც შეძლო.
ლევან გორგაძის ანგარიშზე მიმდინარე ბაშოზე 7 გამარჯვება და 4 მარცხია. წოდებაში დაწინაურებისთვის და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად (კაჩი-კოში) ქართველ სუმოისტს დარჩენილ 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდება.
ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. 35 წლის იაპონელი და ქართველი სუმოისტი ერთანეთს კარგად იცნობენ. ტოჩინოშინი და მიოგირიუ ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ და ქართველს მასთან უარყოფითი ბალანსი უფიქსირდება (13 მოგება, 17 მარცხი).
აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ზედიზედ 3 წაგებით დაიწყო, მაგრამ უკანასკნელი 8 შერკინებიდან შვიდ შემთხვევაში გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0