„ევროვიზია 2022"-ის სკანდალი გრძელდება: საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Eurovision Georgiaჯგუფი Circus Mircus
ჯგუფი Circus Mircus - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ ქართული მხარე არ იყო დაინტერესებული კონკურსის შედეგების მანიპულირებით, რადგან საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის ფინალში საერთოდ ვერ გადავიდა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზიაზე“ მომხდარ ქულების სკანდალთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
„პირველმა არხმა" დააზუსტა, რომ „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის შესაფასებლად დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წარმომადგენლები საკუთარ შეფასებას აკეთებენ არა ფინალური შოუს მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეს, გენერალური რეპეტიციისას.

„იწერება ქულები, რომელიც შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ შორის ნოტარიულად დამოწმების შემდეგ, იგზავნება კონკურსის ორგანიზატორებთან. ქულები ფინალის დღეს ხდება ცნობილი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზედმიწევნით შეასრულა ყველა პირობა, გადაგზავნა ოფიციალური დოკუმენტი და ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მიიღო თანხმობა იმის თაობაზე, რომ არანაირი ხარვეზი არ ყოფილა“, – ნათქვამია „პირველი არხის“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება უკრაინას მიანიჭა, რაც 12 ქულაა და არა 6, როგორც გამოცხადდა.
„ევროვიზიის“ ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება „ევროვიზიის“ ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისათვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს“, – აღნიშნულია არხის განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა რამდენიმე ქვეყანასაც შეექმნა, რასაც ევროპის მაუწყებელთა კავშირი იძიებს.
სკანდალი „ევროვიზიაზე“ - რატომ გაუქმდა საქართველოს მიერ მინიჭებული ქულები>>
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ ქართული მხარე არ იყო დაინტერესებული კონკურსის შედეგების მანიპულირებით, რადგან საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის ფინალში საერთოდ ვერ გადავიდა.
„ეროვნული ჟიურისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, 12 ქულა მიეღო ღირსეულ კონკურსანტს, რომელიც ამ შემთხვევაში იყო უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირთან აქტიურ კომუნიკაციაში რჩება, როგორც კი ცნობილი გახდება მოკვლევის შედეგები, მას საზოგადოებას აცნობებენ.
ყველა ახალი ამბავი
0