ეროვნული ბანკის რეზერვები წლიურ მინიმუმამდე შემცირდა

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებმა 2022 წლის 30 აპრილისთვის 3.826,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 445,7 მლნ დოლარით, ანუ 5,7%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია. რეზერვების ზრდამ 2021 წელს 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების მოცულობა 2020 წლის 30 ნოემბრის ნიშნულს მიუახლოვდა, როცა ის 3.751,5 მლნ დოლარს შეადგენდა.
ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის შემცირება საქართველოს მთავრობისა და ბანკების სავალუტო ოპერაციებს, ასევე ვალუტების კურსის რყევების გამო აქტივების გადაჭარბებულ შეფასებას უკავშირდება.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენა კრედიტებზე - ბოლო მონაცემები>>
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,4 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 908,3 მლნ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 465,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 15 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0