„ბორჯომის“ ქარხნების გენერალური დირექტორი კომპანიის მუშებთან შეხვედრაზე დათანხმდა

© photo: Sputnik / Stringer„ბორჯომის“ ქარხნების მუშების გაფიცვა
„ბორჯომის“ ქარხნების მუშების გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
საპროტესტო აქციებზე „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის - ხელფასების 10%-ით გაზრდა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. IDS Borjomi-ის გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა ქარხნების მუშებთან სამშაბათს, 17 მაისს შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, იუწყება აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს. მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.
მაჭავარიანთან შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი, ერთი საათით ადრე მუშებს პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდებიან.

„სამწუხაროდ, ივანე მაჭავარიანს ცოტა დააგვიანდა დასაქმებულებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნულ საკითხს ხვალ, 17 მაისს, 11:00 საათზე პირველი ქარხნის წინ „გაფიცვის ადგილზე“ მაინც განვიხილავთ“, – აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამგვარად, მუშებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, დათანხმდნენ თუ არა გენერალური დირექტორის წინადადებას, რომელთან შეხვედრასაც ისინი საპროტესტო აქციებზე ორი კვირის განმავლობაში ითხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 მაისს ორი შეხვედრა გაიმართება – 12:00 სთ-ზე პირველი ქარხნის მუშებთან, ხოლო 15:00 სთ-ზე – მეორე ქარხნის მუშებთან.
პროფკავშირმა უკვე გაგზავნა წერილი სახალხო დამცველის აპარატში მრავალრიცხოვან დარღვევებთან და ხელმძღვანელობის მხრიდან კომპანიის თანამშრომლების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქციებზე ქარხნების მუშებმა ხელმძღვანელობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: ხელფასების 10%-ით გაზრდა, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და ძველი კონტრაქტების დაბრუნება. ისინი ითხოვდნენ ასევე შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლი ჯანდაცვის სამინისტრომ იკისრა. შუამავლის მონაწილეობით მხარეების შეხვედრები 8 და 9 მაისს გაიმართა. შეხვედრის კონკრეტული შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0