საეკლესიო კალენდარი: 15 მაისი

© courtesy of Kakhaber Sukhitashviliმაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია
მაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 15 მაისს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა ათანასე დიდის, წმიდა მოწამე ესპერის, მისი მეუღლისა და შვილების, ასევე წმიდა კეთილმსახური მთავრის მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს. მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე
წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართ რომულის კატულუსის მონები იყვნენ (II). ისინი ეწამნენ ადრიანე იმპერატორის (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ხორცი და ღვინოც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ.. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ. წმიდა კირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ სასტიკად აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია შვილებს განამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს, ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს უფალს სული.
კეთილმსახური მთავარი ბორის-მიხეილ ბულგარელი
ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გამოლაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე - მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როცა იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა, შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს - თეოდორე კუფარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება.
მოგვიანებით ბულგარეთში ჩამოვიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ ნათელ-სცა მეფე ბორისს, მის ოჯახს და მრავალ ბულგარელს.
870 წლის 3 მარტს ბულგარეთის ეკლესია შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორის მეფემ ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანშიშესული წმიდა ბორისი მონასტერში წავიდა, სამეფო კი შვილებს - ვლადიმირს და სიმეონს დაუტოვა. წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0