ლექსო თორაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები წმინდა ნიკოლოზის ხატთან
ანთებული სანთლები წმინდა ნიკოლოზის ხატთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მსოფლიოში აღიარებულ ვირტუოზ პიანისტს ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 19 მაისს დაკრძალავენ, მუსიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება „პირველი არხი“.
პიანისტი ლექსო თორაძე 11 მაისს გარდაიცვალა, 30 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.
მუსიკოსის ოჯახის ინფორმაციით, ლექსო თორაძეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ოთხშაბათს, 18 მაისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.
თორაძეს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის გამოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან ორკესტრებთან, ასევე BBC-ის, ბერლინის, ისრაელის, ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრებთან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან, მარიინსკის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და სხვ.
© courtesy of Alexander Toradzeლექსო თორაძე
Пианист Александр Торадзе - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
ლექსო თორაძე
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
ლექსო თორაძე 1983 წელს გადავიდა აშშ-ში და 1991 წელს გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში საგასტროლო საქმიანობისთვის კრიტიკოსების მაღალი შეფასებები მოიპოვა.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0