პრემიერმა საქართველოში ვადამდელი არჩევნების ალბათობა გამორიცხა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს აბსურდული უწოდა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასე უპასუხა პრემიერმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელის დანერგვაზე მუშაობს.
„მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
უფრო ადრე მელიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვაში არჩევნებზე დიასპორის 300 ათასმა წარმომადგენელმა მისცა ხმა. საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში 2020 წელს ხმა მისცა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა. არჩევნებზე 100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო, ეს მთავრობა საერთოდ არ იქნებოდა, განაცხადა მელიამ.
მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მან დაუშვებელი უწოდა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, რომელსაც, წულუკიანის თქმით, საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა. სახელისუფლებო პარტია „ნაცმოძრაობას“ „ომის პარტიას“ უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0