პრეზიდენტი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ქვეყნის რეპუტაციის საკითხია

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ განიხილავს გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მსჯავრდებული სააკაშვილი ქალაქ რუსთავის №12 საპყრობილიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს, დილით გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრი ემსახურება სასჯელაღსრულების დაწესებულებას, პატიმრებს იქ უტარებენ გამოკვლევებს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობენ.
კითხვაზე, თუ რამდენად ადეკვატურია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღონ.
„ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ განიხილავს გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის დედა გიული ალასანია მკურნალობის მიზნით შვილის საზღვარგარეთ გადაყვანას კვლავაც ითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე ეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს სასჯელი საქართველოში
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0