ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
1991 წლის 30 აპრილი მიიჩნევა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ, რომელსაც ამჟამად თავდაცვის ძალები ეწოდება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მინისტრმა მათ სიმბოლური საჩუქარი – ქართული ხმალი „გორდას“ ასლები გადასცა.
უწყების ცნობით, დაჯილდოვდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ეროვნული გვარდიის უფროსი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ხმალი „გორდა“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში. „გორდას“ დამღაა ორი დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვარის ფორმის ზურგშექცეული რკალები, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV საუკუნის გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება, ხოლო სხვა ვერსიით, მას კავკასიური წარმომავლობა აქვს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი მიიჩნევა. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0