თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი წლის ბოლომდე დაიხურება

© photo : Derek Maul მიუსაფარი ბავშვები
მიუსაფარი ბავშვები - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2022 წლის ბოლომდე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი დაიხურება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილმა მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამოქმედდება 3 საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება, რომლებშიც განთავსდებიან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ საქართველოში აღარ იარსებებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დიდი ინსიტიტუციები, რაც ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა“, - განაცხადა აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
2021 წელს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობით, უკვე დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი.
მის ნაცვლად შეიქმნა ორი მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები გადაიყვანეს და მომსახურება მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ გარემოსთან.
აზარაშვილის განცხადებით, 2022 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა. მისი თქმით, ასევე გაიზარდა შშმ ბავშვების სოციალური პაკეტი, რომელიც განისაზღვრა 275 ლარით.
„მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 52 მლნ ლარით, რაც გასულ წელთან შედარებით 12 მლნ ლარით მეტია“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
ადრე საქართველოში ფუნქციონირებდა 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. 2015 წლიდან ქვეყანაში დიდი ბავშვთა სახლები თითქმის დაიხურა. ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი დიდი ბავშვთა სახლი - თბილისსა და კოჯორში.
კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურა, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი კი საქმიანობას წლის ბოლომდე გააგრძელებს. ბავშვებს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაანაწილებენ.
ყველა ახალი ამბავი
0