რამდენი დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს უახლოეს სამ წელში?

© Pixabay / Schluesseldienstბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. მომდევნო სამ წელში საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება, განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში დევნილ პირთა განსახლების პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
„ჯამში, მომდევნო წლებში 7ათასამდე ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6 ათასამდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, 2022 წელს, განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი უკვე მიიღო 1.302-მა დევნილმა ოჯახმა, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით, 1 ათასამდე ბინა განაწილდება და 1 ათასზე მეტი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
„2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 27.000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით“, - განაცხადა მინისტრმა.
დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0