პრემიერი: გილოცავთ ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს.
„ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება>>>
მისი თქმით, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.
„დღეს, როდესაც საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახლოსაა ცივილიზაციური არჩევანის - ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნების მიზანთან, სწორედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სულიერი და ეროვნული ფასეულობები გვიმაგრებს ზურგს და მჯერა, რომ მომავალშიც არსებით როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადა. 2019 წლის 8 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0