ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამენ

© courtesy of Alexander Toradzeლექსო თორაძე
ლექსო თორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ლექსო თორაძე აღიარებულია, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა - 30 მაისს იგი 70 წლის გახდებოდა.
„ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისათვის, მისი სამშობლოსათვის, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს და შემოქმედებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, „ლექსო თორაძე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად დაუფლებოდნენ საშემსრულებლო ოსტატობას და გარდა თავიანთი კარიერული წინსვლისა, მოეხდინათ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია“.
ქართველი პიანისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, თორაძის „პედაგოგიური ღვაწლი მომავალში კიდევ ბევრჯერ დაფასდება, რადგან მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად“.
ლექსო თორაძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი თბილისის მერმა, კახა კალაძემაც გამოუცხადა.
„ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო. მან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, როგორც შემსრულებელმა და როგორც პედაგოგმა“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.
თორაძეს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის გამოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან ორკესტრებთან, ასევე BBC-ის, ბერლინის, ისრაელის, ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრებთან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან, მარიინსკის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და სხვ.
ლექსო თორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
პრემიერ-მინისტრი ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
1983 წლიდან მუსიკოსი აშშ-ში ცხოვრობდა და ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი.
1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ.
ყველა ახალი ამბავი
0