„ბორჯომის“ ახალი მფლობელი შესაძლოა ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე გახდეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
კულუარული ინფორმაციით, გარიგების დეტალები უკვე შეთანხმებულია
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს პრეს-სამსახური კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის ქართველი ბიზნესმენი, გია ორჯონიკიძისთვის შესაძლო მიყიდვის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს, არც უარყოფს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე შესაძლოა მინერალური წყლების კომპანია IDS Borjomi Georgia-ს მფლობელი გახდეს, ტელეკომპანია Formula-ს ეთერში 5 მაისს გავრცელდა. ტელეარხის ცნობით, გარიგების დეტალები უკვე განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თავად ორჯონიკიძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. არსებული ინფორმაციით, Alfa Group Consortium მზადაა აქციები გაყიდოს.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - უპასუხეს Sputnik-საქართველოს კომპანიის პრეს-სამსახურში.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს, მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.
საპროტესტო აქციებზე ქარხნების მუშებმა ხელმძღვანელობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: ხელფასების 10%-ით გაზრდა, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და ძველი კონტრაქტების დაბრუნება. ასევე ისინი ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლი ჯანდაცვის სამინისტრომ იკისრა. შუამავლის მონაწილეობით მხარეების შეხვედრები 8 და 9 მაისს გაიმართა. შეხვედრის კონკრეტული შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„ბორჯომის“ ქარხნის მუშების აქცია გრძელდება: ახალი მოთხოვნები >>
ქარხნების გაფიცული მუშები აქციების გაგრძელებას აანონსებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე წარმოებაში დაბრუნებას არ აპირებენ.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0