თავშესაფრის მიღების წესებს ბოროტად ვეღარ გამოიყენებენ - პარლამენტი კანონს აზუსტებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება, რომ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განმეორებით შეიტანოს.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს შესწორებებზე კანონში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, ნათქვამია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შესწორებები მიმართულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ახლებურად დარეგულირებისკენ.
შესწორებების პროექტი კანონში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს და მაქსიმალურად იცავს უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხშირად ბოროტად იყენებენ ქვეყნის სწორ დამოკიდებულებას.
დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი კანონით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა და განაცხადის შეტანა ლტოლვილის სტატუსის თუ დროებითი თავშესაფრის მიღების თხოვნით. ამ შემთხვევაში ის დარეგისტრირდება როგორც პირი, რომელიც თავშესაფარს ეძებს, და ის მიიღებს შეღავათებს, როგორიცაა ქვეყნიდან არგაძევება და ექსტრადიციაზე გადაცემის აკრძალვა.

„თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სწორ მიდგომას ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იყენებენ უცხოელებიც და მოქალაქეობის არმქონე პირების ნაწილიც. ამიტომ საჭირო გახდა კანონში ცვლილების განხორციელება, რომელიც შეეხება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კანონპროექტი აზუსტებს, რომ თავშესაფრის თხოვნაზე განაცხადის განხილვაზე უარის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და საერთაშორისო დაცვის თხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი მონაცემები>>
როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ასეთივე წესი იქნება გამოყენებული თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის ან სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
ასევე ზუსტდება საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. მათ შორის, დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება.
შესაბამისი ცვლილება შევა თანმდევ კანონში „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველი მოსმენის შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.
ყველა ახალი ამბავი
0